თანამედროვე ხელოვნება

გალერეა „ნინო გოგე“ (“NINO GOGE“ GALLERY) ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვნების ასპარეზთაშორისი სივრცეა, რომელიც საქართველოს დედაქალაქის გულში, მრავალმხრივ საინტერესო კულტურული ნარატივითა და მემკვიდრეობით გამორჩეულ ადგილას მდებარეობს. მუდმივად ცვალებადი არტისტული ვითარებისა და დისკურსის გაერთიანებით ჩვენი გალერეა დინამიკურ სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ დიალოგში აქტიური ჩართულობისა და დისკუსიის შესაძლებლობას იძლევა. ამდენად, გალერეა არამხოლოდ დამწყებ ხელოვანთა სახელოვნებო სივრცის ნაწილი, არამედ ერთგვარი მედიუმიცაა, რომლის მიზანია ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს თანამედროვე ხელოვნების მიმდინარე ტენდენციები.

ხელოვნებისა და კულტურული დისკურსის შეხვედრის ადგილი

მიმდინარე მაკროსოციალურმა ვითარებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ხელოვნებისა და კულტურის განვითარების პროცესებზე: კოვიდ-19-მა არსობრივად შეცვალა როგორც ხელოვნებისა და კულტურის, ასევე პოლიტიკური და სოციალური სექტორიც. ამ ფონზე აღნიშნული დინამიკის შეფასებისა და კრიტიკული აღქმის ჩამოსაყალიბებელ საშუალებად გვესახება ხელოვნებისა და კულტურის აქტიური ანალიზი. სწორედ ამ კუთხით წარმოვადგენთ აღნიშნულ ღირებულებათა შეხვედრის ადგილს: არსებულ სახელოვნებო ბაზარზე, კურატორთა ინოვაციურ კონცეფციაზე დაყრდნობით გვსურს, დავაფუძნოთ უშუალო შეხვედრებზე გათვლილი სახელოვნებო პლატფორმა — არსებულ მიმდინარეობათა მაერთიანებელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ საერთაშორისო ხელოვანთა, დარგის სპეციალისტთა და კრიტიკოსთა თანამშრომლობის პერსპექტივა, ორგანიზების ორგვარი — როგორც დარგთაშორისი, ასევე ურთიერთკავშირის ფორმით ხელი შევუწყოთ ხელოვნებისა და კულტურის ღია და მრავალფეროვან გააზრებას, რაც საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ ექსპერიმენტული და განსხვავებული საგამოფენო პრაქტიკა.

თანამშრომლობა და კომუნიკაცია

ხელოვნებისა და კულტურის საზოგადოების განუყოფელ ფენომენად გააზრებისას ცხადი ხდება, რომ საქმე გვაქვს კულტურულ მემკვიდრეობასთან, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისათვის. კურატორთა კონცეფციით აგებული ჩვენი საგამოფენო აქტივობები თვითშეფასებაზეა დაფუძნებული, რის საფუძველზეც გალერეა ხელს შეუწყობს ეროვნული და საერთაშორისო ხელოვნებისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თანამშრომლობასა და დაკავშირებას.  ჩვენი მიზანია, რომ ასევე დამწყებ ხელოვანებსაც შევთავაზოთ შესაძლებლობათა პლათფორმა: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, მუზეუმებსა და სხვა კულტურულ დაწესებულებებთან თანამშრომლობით, რამდენადაც გვსურს, ჩამოვაყალიბოთ აქტიური და ღია სივრცე დიალოგისა და ექსპერიმენტებისთვის.

თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით ორგანიზებული გამოფენების გარდა იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური პერფორმანსის, ლექციების, ფილმის ჩვენების, თემატური სამუშაო შეხვედრებისა  და სხვა აქტივობათა ორგანიზებაც.

მდებარეობა

გალერეა “ნინო გოგე გალერეა“ იაკობ ნიკოლაძის ქ. #8-ში, ვერაზე, „ფიქრის გორაზე“ მდებარეობს.

„ფიქრის გორა“ თბილისის პატარა და საინტერესო მიკროუბანია, რომლის მცხოვრებლებიც ცხოვრების საკუთარი სტილით გამოირჩევიან. უბანი გარემოცულია ვარაზისხევით, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებით; ძირითადი არქიტექტურა საბჭოთა კავშირის 60-70-იანი წლების ურბანიზაციის სქემებით თარიღდება, თუმცა, იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება მე-19 საუკუნის გვიანი არქიტექტურული ნიმუშებიც.

ხალხური გადმოცემით, იმ დროს, როდესაც  „ტფილისი“ რუსთაველის (იმ დროს „გოლოვინსკის“) მოედნამდე არ იყო მოსული და მგზავრს დღევანდელი ფიქრის გორისა და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია უნდა გამოევლო ქალაქისკენ მიმავალ გზაზე, ჯერ კიდევ დაუსახლებელი „ფიქრის გორა“ კარგი სათვალთვალო პუნქტი იყო დამხვდურთათვის: ისხდნენ და ელოდნენ ქალაქში ფეხით ან ურმით მომავალ ნათესავსა თუ ახლობელს, ლოდინში კი ხშირად ფიქრებშიც იძირებოდნენ. ხალხურ ეტიმოლოგიას თუ დავეყრნობით, სწორედ ამგვარად უნდა აიხსნას აღნიშნული უბნის სახელდების მოტივაცია.

არსებობს სხვაგვარი გადმოცემაც, რომ ამ ადგილზე მოგზაურები ხშირად ისვენებდნენ თბილისში შესვლამდე.

გორაკიდან გმირთა მოედანზე მდებარე 1937 წელს აგებული 11-სართულიანი, თბილისის პირველი მაღალსართულიანი სახლის, ე.წ. სტალინური შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის შესანიშნავი პანორამული ხედი იშლება; ქუჩას სახელი ცნობილი ქართველი მოქანდაკისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანადამფუძნებლის — იაკობ ნიკოლაძის (1876-1951) პატივსაცემად დაერქვა, სწორედ აქ მდებარეობდა მისი სახლი და სახელოსნო. იაკობ ნიკოლაძე ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებლად არის მიჩნეული. იგი 1904 -1910 წლებში პარიზში ცხოვრობდა და ოგიუსტ როდენის სახელოსნოში მუშაობდა. მისი ინიციატივით, 1925 წელს მახლობელ ქუჩას როდენის სახელი მიენიჭა, რომლის #6-შიც დღეს იაკობ ნიკოლაძის მუზეუმი მდებარეობს. საგულისხმოა, რომ ამავე უბანში საბჭოთა პერიოდში დაარსდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი.

აქვე მდებარეობს საბჭოთა არქიტექტურული სტილით გამორჩეული შენობები: საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია (1974) და ტექნიკური ბიბლიოთეკა (1986) მ. კოსტავას ქუჩაზე, ასევე, პოსტსტალინურ ეპოქაში აშენებული ყოფილი სასტუმრო „საქართველო” (1958) მესხიშვილის ქუჩაზე (რომელშიც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი ქართველები ცხოვრობენ) და სხვ.

21-ე საუკუნის დასაწყისში ფიქრის გორაზე ახალი საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და უამრავი ალტერნატიული კლუბი, ბარი და საგამოფენო სივრცე გაიხსნა.

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.