ადგილმდებარეობა

გალერეა “ნინო გოგე გალერეა“ იაკობ ნიკოლაძის ქ. #8-ში, ვერაზე, „ფიქრის გორაზე“ მდებარეობს.

„ფიქრის გორა“ თბილისის პატარა და საინტერესო მიკროუბანია, რომლის მცხოვრებლებიც ცხოვრების საკუთარი სტილით გამოირჩევიან. უბანი გარემოცულია ვარაზისხევით, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებით; ძირითადი არქიტექტურა საბჭოთა კავშირის 60-70-იანი წლების ურბანიზაციის სქემებით თარიღდება, თუმცა, იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება მე-19 საუკუნის გვიანი არქიტექტურული ნიმუშებიც.

ხალხური გადმოცემით, იმ დროს, როდესაც  „ტფილისი“ რუსთაველის (იმ დროს „გოლოვინსკის“) მოედნამდე არ იყო მოსული და მგზავრს დღევანდელი ფიქრის გორისა და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია უნდა გამოევლო ქალაქისკენ მიმავალ გზაზე, ჯერ კიდევ დაუსახლებელი „ფიქრის გორა“ კარგი სათვალთვალო პუნქტი იყო დამხვდურთათვის: ისხდნენ და ელოდნენ ქალაქში ფეხით ან ურმით მომავალ ნათესავსა თუ ახლობელს, ლოდინში კი ხშირად ფიქრებშიც იძირებოდნენ. ხალხურ ეტიმოლოგიას თუ დავეყრნობით, სწორედ ამგვარად უნდა აიხსნას აღნიშნული უბნის სახელდების მოტივაცია.

არსებობს სხვაგვარი გადმოცემაც, რომ ამ ადგილზე მოგზაურები ხშირად ისვენებდნენ თბილისში შესვლამდე.

გორაკიდან გმირთა მოედანზე მდებარე 1937 წელს აგებული 11-სართულიანი, თბილისის პირველი მაღალსართულიანი სახლის, ე.წ. სტალინური შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის შესანიშნავი პანორამული ხედი იშლება; ქუჩას სახელი ცნობილი ქართველი მოქანდაკისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანადამფუძნებლის — იაკობ ნიკოლაძის (1876-1951) პატივსაცემად დაერქვა, სწორედ აქ მდებარეობდა მისი სახლი და სახელოსნო. იაკობ ნიკოლაძე ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებლად არის მიჩნეული. იგი 1904 -1910 წლებში პარიზში ცხოვრობდა და ოგიუსტ როდენის სახელოსნოში მუშაობდა. მისი ინიციატივით, 1925 წელს მახლობელ ქუჩას როდენის სახელი მიენიჭა, რომლის #6-შიც დღეს იაკობ ნიკოლაძის მუზეუმი მდებარეობს. საგულისხმოა, რომ ამავე უბანში საბჭოთა პერიოდში დაარსდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი.

აქვე მდებარეობს საბჭოთა არქიტექტურული სტილით გამორჩეული შენობები: საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია (1974) და ტექნიკური ბიბლიოთეკა (1986) მ. კოსტავას ქუჩაზე, ასევე, პოსტსტალინურ ეპოქაში აშენებული ყოფილი სასტუმრო „საქართველო” (1958) მესხიშვილის ქუჩაზე (რომელშიც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი ქართველები ცხოვრობენ) და სხვ.

21-ე საუკუნის დასაწყისში ფიქრის გორაზე ახალი საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და უამრავი ალტერნატიული კლუბი, ბარი და საგამოფენო სივრცე გაიხსნა.

მდებარეობა რუკაზე

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.